Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გახსნა   

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გახსნა, რომელზეც რაჭაში საველე სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის შედეგები იყო წარმოდგენილი.

 

კვლევა  თსუ-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ექსპედიციის მიზანი რეგიონის ლანდშაფტთა ზაფხულის მდგომარეობათა კვლევა და კარტოგრაფირება იყო.

 

„თსუ მეცნიერები და სტუდენტები უდიდეს ნაბიჯებს დგამენ კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევისა და კარტოგრაფირების განვითარებისთვის. კარტოგრაფია ძალიან სერიოზული საქმეა და კარგი იქნება დავიწყოთ ტოპორუკების შექმნა. ტოპონიმიკა სენსიტიური მიმართულებაა, პოლიტიკის დიდი ნაწილია.  კომპლექსურად უნდა შეჯერდეს სხვადასხვა უწყებასთან ცოდნა და ერთობლივი პროდუქტი დაიდოს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

პროექტმა გააცოცხლა პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის მიერ 1979-1991 წლებში წამოწყებული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა კავკასიის მასშტაბით სტუდენტთა საზაფხულო საველე-სასწავლო პრაქტიკების ჩატარებას ლანდშაფტმცოდნეობასა და ლანდშაფტურ კარტოგრაფირებაში.

 

პროექტის შედეგად, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის  მასალების კრებული, რომელიც ეფუძნება სტუდენტთა საველე კვლევების დროს მოპოვებულ და კამერალურად დამუშავებულ ემპირიულ მასალებს. კრებული „რაჭის კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევა და კარტოგრაფირება“ მოიცავს სტუდენტთა მიერ შესრულებულ 10 სამეცნიერო სტატიას და ხელმძღვანელთა (მენტორთა) 3 სამეცნიერო-მეთოდურ სტატიას. წარმოდგენილი ნაშრომი დიდი შენაძენია რაჭის შესახებ კომპლექსურ-გეოგრაფიული კვლევისა და კარტოგრაფირების მიმართულებით.

 

პროექტის მენტორი იყო ასოცირებული პროფესორი, ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ გორდეზიანი; მოწვეული მენტორი, სტუ-ის პროფესორი, ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ზურაბ ლაოშვილი; სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსუ-ს დოქტორანტი, ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი, საბა მოდებაძე; პროექტის კონსულტანტი იყო ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, თედო გორგოძე.

 

ახლო მომავალში იგეგმება თსუ-ს მიერ დაფინანსებული ანალოგიური სტუდენტური პროექტის განხორციელება, რომელიც ბოლნისისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტების ლანდშაფტთა კვლევას მიეძღვნება.

თარიღი: 22/05/2025